ფრენა ცივ ამინდში – რჩევები

ზამთრის მოსვლასთან ერთად ტემპერატურაც ვარდება, ამიტომ საჭიროა დრონიც და პილოტიც მზად იყვნენ ცივი ამინდებისთვის. პილოტმა აუცილებლად უნდა იცოდეს დრონის მართვა რთულ პირობებში.

ეს სტატია დაგეხმარებათ მინიმუმამდე დაიყვანოთ რისკები ზამთარში ფრენისას და ზოგად ცოდნასაც აგიმაღლებთ კოპტერის მართვასთან დაკავშირებით.

შესაძლოა პილოტების უმეტესობა შეხვდეს პრობლემას როცა ტემპერატურა 0 გრადუსამდეა, თუმცა ხანდახან უფრო დაბალ ტემპერატურაზეც არის ფრენა საჭირო, მოდით გავიგოთ რისი გათვალისწინებაა საჭირო ასეთ დროს.

საშუალოდ DJI-ის დრონების ელემენტები გათვლილია 0-დან 40 გრადუსამდე, პილოტმა ზუსტად უნდა იცოდეს საკუთარი დრონის ტემპერატურის ლიმიტი.

DJI-ს პოპულარული მოდელების ტემპერატურის ლიმიტები ცელსიუსის შკალით.

• Phantom 4 – (0 – 40)
• Mavic Pro – (0 – 40)
• Inspire 2 – (-10 – 40)

სწორედ დაბალი ტემპერატურაა იმის მიზეზი რომ დრონი ფრენის ხანგრძლივობა მცირდება, სიცივე საგრძნობლად ანელებს LiPo ტიპის ელემენტის მუშაობას.

თუ იდეალურ ამინდში ფრენის დრო შეიძლება იყოს 25 წუთამდე, სიცივეში ეს დრო 15 წუთამდე მცირდება. სასურველია ელემენტები მუდმივად იყოს დატენილი 100%-ზე ფრენის წინ. შეინახეთ დრონის ელემენტები თბილ პირობებში.

DJI გვირჩევს ელემენტის ოპტიმალური მუშაობისათვის მისი ტემპერატურა აღემატებოდეს 20 გრადუსს.

DJI-ს აპლიკაციაში არის სპეციალური ფუნქცია რომელიც პილოტებს აფრთხილებს ელემენტის დაბალი ტემპერატურის შესახებ “Battery Temperature Below 15ºC (59F). Warm battery to above 25ºC (77F) before flying”.

თუ ეს შეტყობინება გამოდის მონიტორზე დრონის ძრავები ვერ დაიქოქება და ვერ შეძლებს აფრენას. პრობლემის გამოსასწორებლად საჭიროა გავათბოთ ბატარეა.

ამ პრობლემის ასარიდებლად საჭიროა ელემენტები იყოს შენახული სითბოში. რჩევები თუ როგორ შევინარჩუნოთ ელემენტები თბილ მდგომარეობაში:

• მანქანით მგზავრობისას დრონი და ელემენტები მოათავსეთ სალონში და არა საბარგულში, რადგან მანქანის სალონში სითბო მეტია ვიდრე საბარგულში.
• მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ გაახვიეთ ელემენტები და დრონი თბილ ქსოვილში, ან მოათავსეთ ელემენტი ხელთათმანში.

ფრენისას ელემენტის ძაბვა საგრძნობლად ვარდება და დრონის პროგრამული ლოგიკა ფიქრობს, რომ ელემენტი გამოერთებულია დრონისგან და დრონი იწყებს ვარდნას.

დეტალური ინფორმაცია ტემპერატურისა და ძაბვის შესახებ მოყვანილია DJI GO აპლიკაციაში, რაც ეხმარება პილოტს რეალურ დროში თვალყური ადევნოს საჭირო პარამეტრებს ელემენტის მდგომარეობის შესახებ. ტემპერატურის სანახავად საჭიროა აპლიკაციაში პილოტმა დააჭიროს ელემენტის გამოსახულებას. აუცილებელია დისფლეიზე გამოტანილი იყოს ელემენტის ძაბვა, რომ პილოტმა შეძლოს მისი კონტროლი ფრენისას. ფრენა არ არის რეკომენდირებული თუ ელემენტის ძაბვა დავარდნილია 3.2 ვოლტზე დაბლა.

იმ შემთხვევაში თუ პილოტი აგრძელებს ფრენას მიუხედავად პრობლემისა დიდი ალბათობით დრონი სიმძლავრის ნაკლებობის გამო ვერ დაძლევს დაბრკოლებას და ადგილზე დავარდება.

გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, ასევე ცუდი არ იქნება თბილად შეკაზმოთ თქვენი მფრინავი მეგობარი 🙂

 

 

კომენტარები

კომენტარი