მსოფლიო დრონის თვალით

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ დრონები და უპილოტო საფრენი აპარატები (UAV) მსოფლიოსთვის საერთოდ უცნობი ხილი გახლდათ. ტექნოლოგიურმა პროგრესმა, GPS-ის სიგნალის გამოყენებით,  რადიო  კონტროლირებადი მოდელის თვითმფრინავები  გარდაქმნა უპილოტო საჰაერო აპარატებად, რომლებსაც ახლა უკვე ავტომატურ რეჟიმში შეუძლიათ ფრენა. დღეს   უკვე დრონები  დაბომბვასა და  მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში საეჭვო რეპუტაციის მქონე სამიზნეების განადგურებასთან ასოცირდება. თუმცა, რეალურად  დრონი წარმოადგენს უპილოტო საფრენ აპარატს, რომელიც ორიენტირებულია ინფორმაციის  შეგროვებაზე ისეთი რთულად მისადგომი ადგილებიდან, სადაც ადამიანური რესურსის გამოყენება არაეფექტურია.

დრონი  არის  ხელმისაწვდომი საშუალება მოძრავი თუ უძრავი პირადი საკუთრების, მილსადენების, ელექტრო სადენების, კოშკების, სტიქიით დაზარალებული რელიეფის,  მაღალი სტრუქტურების  საკონტროლოდ.  ამასთანავე, დრონის გამოყენებით  შესაძლებელია  ხანძარს შესწავლა  და შედეგად სწორი ანალიზის გაკეთება; ნათესების სიმაღლის გაზომვა;  ცოცხალი ორგანიზმის სითბოს დადგენა; წყლის აღმოჩენა და მისი ტემპერატურის გაზომვა; მცენარეების რაოდენობის, მოსავლის სიმჭიდროვის,  სიჯანსაღისა და წყლის ხარისხის გადამოწმება; ეკოლოგიური ნორმების კონტროლი;  ნავთობისა და გაზის აღმოჩენა;  სამაშველო ოპერაციების შესრულება.


სხვა ყველაფერთან ერთად, დრონები გამოიყენება ატმოსფერულ კვლევებშიც. ოზონის შრე დედამიწის გამოსხივებისა და მავნე  ულტრაიისფერი სხივებისაგან  დაცვაში სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ,  წყლის ორთქლისა და აორთქლებული აირების   ოზონის შრესთან ურთიერთქმედების შესწავლად NASA აგზავნის დრონებს სტრატოსფეროში, სადაც დამცავი ოზონი აღმოაჩინეს.

დღესდღეობით, დაბალი ფასებიდან გამომდინარე,  დრონები ადვილად ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის, რაც თავისთავად იწვევს უსაფრთხოების პრობლემებს . სწორედ ამიტომ,  დრონების მზარდი ინდუსტრიის დასარეგულირებლად, ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა   ზღუდავს დრონების გამოყენებას,  აშშ-ს ზოგიერთ შტატში კი აკრძალულია კერძო და სახელმწიფო საკუთრების  ყველანაირი სახის საჰაერო გადაღება.

ფაქტია,  რომ დრონების ინდუსტრია  დღითიდღე ვითარდება, ფართოვდება მისი გამოყენების სფეროებიც, რითაც აიოლებს ადამიანთა ყოფას, ზოგავს ორგანიზაციების ბიუჯეტს და ადამიანურ რესურს.

 

კომენტარები

კომენტარი